ოკუპირებული ლუჰანსკის ე.წ. სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ განაცხადა, რომ უკრაინული არმია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრებს მიუახლოვდა.
როგორც მან როსია 1-ის ეთერში თქვა, ზოგიერთ მონაკვეთზე შეხების ხაზი საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 10 კილომეტრშია.
"ეს ძალიან ცოტაა, ასე ვთქვათ, სამხედრო მოქმედებებისთვის", - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ "სიტუაცია ნამდვილად რთულია".
ამავე დროს მაროჩკო ამტკიცებს, რომ ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია სრულად კონტროლდება ეროვნული მილიციითა და სამოკავშირეო ძალებით.
აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყეს, რომლის ფარგლებში 6 000 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაიბრუნეს.
ლუჰანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ რეგიონში უკვე შექმნილია დეოკუპაციის შტაბი.